„ნატო-სთან ინტენსიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს უელსში დაგეგმილი სამიტის შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს“, - ამის შესახებ პრემიერმა დღეს მიმდინარე ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ყველა თაობის ქართველთა ისტორიული ოცნება ახდა - ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი დღეს რეალობად იქცა. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ჩვენ მას ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით. ამ პროცესს ადასტურებს ჩვენს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის ინტენსიურობა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ურთიერთობა ნატო-სთან მხოლოდ ინსტიტუციონალური თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ავღანეთის ISAF-ის მისიაში და ვაპირებთ ნატო-სთან თანამშრომლობის გაგრძელებას ავღანეთში ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგაც. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ვგეგმავთ მონაწილეობას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში. საქართველოს ნატო-სთან ინტენსიური თანამშრომლობის გათვალისწინებით, ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს უელსში დაგეგმილი სამიტის შედეგებთან დაკავშირებით - იმედი გვაქვს, რომ გაიზრდება ქართული მხარის ნატო-სთან თანამშრომლობის ხარისხი და სამიტის ფარგლებში ადეკვატურად იქნება ასახული საქართველოს პროგრესი“, - განაცხადა პრემიერმა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






