„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება, რადგან მის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები პოლიტიკურ დევნად არის შეფასებული:
“სამწუხარო ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ გადაწყვეტილებით არაფერი არ დაუშავდება, ის შეძლებს უპრობლემოდ გადაადგილებას საზღვარგარეთ და თუ ვინმეს დაუშავდება, ეს არის საქართველო, იმიტომ, რომ დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო, დაწყებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესმენები, სენატორები, ევროკომისარები, ცალკეული სახელმწიფოები, აბსოლუტურად ყველა ძალიან კრიტიკულად ხვდება იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ.
ცოტა არასერიუზულია საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ევრო კომისრები მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობრები არიან და ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებას, მე ღიად გეტყვით, რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მეგობარი არ არის პუტინი, რომელსაც ძალიან გაეხარდა ეს გადაწყვეტილება.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, გეოპოლიტიკური კონტექსტი მსოფლიოში იცვლება ყოველდღიურად და რატომღაც ისე ხდება, რომ საქართველო განყენებულია ცივილიზებული სამყაროსგან.
რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? აზერბაიჯანთან ურთიერთობას ვძაბავთ, ირანთან სავიზო რეჟიმი შემოვიღეთ, უკრაინასთან მიმართებაში სამარცხვინო განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა. ამას ყველაფერს დამატებული მიხეილ სააკაშილთან დაკავშირბით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მთელი მსოფლიოს მხრიდან აბსოლუტურ კრიტიკას იმსახურებს.
ნუთუ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიცრუეში ამყოფებს მთელ მსოფლიოს? ეს არის ამის საპირისპირო არგუმენტი? ეს გადაწყვეტილება აზარალებს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძებნა არ გამოცხადდება და ამას პოლიტიკური თავშესაფარი არ დასჭირდება, რადგან ეს უკევ შეფასებულია პოლიტიკურ დევნად. სააკაშვილი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად ივლის, რა თქმა უნდა რუსეთში და ვანუატუში ვერ ჩავა. ახლა აღმოჩნდა, რომ რუსეთი არის საქართველოს პარტნიორი და ცივილიზებული სამყარო სხვაგან არის. ცივილიზებულ სამყაროს ვეუბნებით, რომ პოლიტიკური დევნით ვართ დაკავებული და საერთოდ არ გვაინტერესებს ასოცირების ხელშეკრულება. საქართველო ახდენს თვითიზოლაციას ცივილიზებული სამყაროსგან“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






