„სამწუხაროა, რომ საქართველოში გახშირდა ისეთი ჯგუფები, რომლებიც გამოხატავენ სრულიად მარგინალურ მაგრამ განსაკუთრებით მტრულ დამოკიდებულებას ჩვენი ნაციონალური ინტერესების მიმართ, გავიხსენოთ ევრაზიის ფონდის განცხადება, მსგავსი ტიპის სერიოზული პროვოკაციაა ის, რაც მოხდა აზერბაიჯანში.
აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი და ამ ფონზე ნებისმიერი ასეთი ქმედება არის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვის საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გულშემატკივერები შესაძლოა შორს არიან პოლიტიკისგან, მაინც მიმაჩნია, რომ თავისთავად ეს სრულიად მარგინალური ქმედებები, როდესაც კეთდება იქ სადაც არ უნდა გაკეთდეს, ეს ვნებს საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გამოცემების ინფორმაციით, ბაქოში გამართული „ნეფთჩისა“ და „ჩიხურას“ მატჩის შემდეგ გუნდის ქომაგებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაკავებულია 10 ქართველი გულშემატკივარი, მათგან 3 "ქომაგების" წევრი. დალეწილია ასევე კლუბის ავტობუსიც.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, არეულობა მატჩის დროს ქართველების მიერ გამოფენილმა ბანერმა გამოიწვია, სადაც შემდეგი სიტყვები ეწერა: "მე დაკარგულად არ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია", ასევე ბანერზე საქართველოს რუკა იყო გამოსახული, სადაც კახი და ზაქათალაც ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






