"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის მერიაში ხელმძღვანელობის გადაბარების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, 29 ივლისს დედაქალაქის მერიაში იმყოფებოდნენ დავით ნარმანიას წარმომადგენლები, რომლებმაც მერიაში არსებული სისტემების გამოყენებით, შექმნეს ელექტრონული ფოსტა, რომლის საშუალებითაც მოხდა დედაქალაქის ყოფილი მერის პირადი ელფოსტის გატეხვა და მონაცემების დაუფლება.
აბესაძის განცხადებით, ახალი მერის წარმომადგენლები დავით ნარმანიას სახელით მოქმედებდნენ, რომლებიც აბესაძის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები არიან.
„ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განცხადება, ნარმანიამ კი გააკეთოს განმარტება, იყო თუ არა იგი ორგანიზატორი ამ დანაშაულებრივი ქმედების“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






