საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. „ქრონიკასთან“ საუბრისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მიუღია, თუმცა რუსეთში მსგავსი პროექტი ნამდვილად მზადდება:
„ოფიციალური შეტყობინება არ მოსულა, ეს ჯერ პროექტია და მოსკოვში საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს არის რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს საიტებზე შესაბამისი ინფორმაცია და შესაბამისად, ასეთი დადგენილება მზადდება. მე ჩემს რუს კოლეგასთან მქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდიან. როდიდან ფიქრობენ აამოქმედონ ასეთი რეჟიმი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი ვიცოდეთ იმისათვის, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ.
რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური მოტივაცია, ამას არც არავინ არ მალავს, ეს დაკავშრებულია ასოცირების ხელშეკრულებასთან, რუსეთი ასეთ გზას ადგება, იმ ქვეყნებს, რომლებიც საბაჟო კავშირის წევრები არიან, შეუნარჩუნდებათ თავისუფალი ვაჭრობა, რაღაც ლოგიკა შეიძლება დაინახო. ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი ისე, რომ არანაირი ხელის შეშლა რუსეთის მხრიდან არ გვქონია, ჩვენ შევინარჩუნეთ ეს სავაჭრო ურთიერთობები, თუ შეიცვლება თამაშის წესები, ვივაჭრებთ ისე, როგორც თითქმის მთელი მსოფლიო ვაჭრობს.
ჩვენი ოპონენეტბის საქმე ის არის, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება. ყოველთვის არის მიზეზი იმისათვის, რომ მთავრობა გააკრიტიკო, ოპოზიციაც ამისათვის არსებობს. ეს ტრაგედია არ არის, ჩვენ შევეცდებით ამ პრობლემების მინიმალიზირებას და ალბათ ამაში ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორებიც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






