აფხაზი სეპარატისტების ე.წ. "საგარეო საქმეთა სამინისტრო" საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ევროპული არჩევანი – ეს პირველ რიგში ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და არჩევანია. აფხაზეთის რესპუბლიკას კი, როგორც მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს, ქართულ-ევროპულ დღის წესრიგთან არაფერი აქვს საერთო”, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს აახლოებს ევროპასთან, თუმცა აშორებს მის მეზობლებს, როგორებიცაა რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთი.
ტექსტში ნათქვამია, რომ კავკასიაში ნატო-ს ექსპანსიასთან დაკავშირებით დასავლეთის პოლიტიკის გააქტიურების გამო, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიული და ტექნიკური თანამშრომლობა გაიზარდოს.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






