ქრისტიან-დემოკრატებმა ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ იუსტიციის სამინისტროში საჩივარი შეიტანეს.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქდმ ფოთის, წყალტუბოს, წალკის და ბოლნისის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა საჩივარი შეიტანეს, რომლითაც ითხოვენ ქდმ-ს თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის არჩევის ბათილად ცნობას.
განმცხადებლები მიუთითებენ, რომ 6 მაისს გამართულ ე.წ. ყრილობაში არ მიუღიათ მონაწილეობა ქდმ ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს. ,,ზოგადად ყრილობა ჩატარდა გასაიდუმლოებულ ვითარებაში, ისე რომ ყრილობის შესახებ არ ეცნობათ პარტიის წევრებს, არც წინასწარ და არც შემდომ. ყრილობას არ ესწრებოდნენ ჟურნალისტები. დღემდე ქ-ნი ბურჯანაძე მალავს საკუთარი გაქრისტიან-დემოკრატების ფაქტს და განცხადებებს კვლავინდებურად არარსებული "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სახელით აკეთებს.
ყრილობის გარეშე თავმდჯომარის შეცვლა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლს, ისევე როგორც ქდმ წესდების მე-5 მუხლს“, - აცხადებენ პარტიის წევრები.
ქრისტიან-დემოკრატები აგრეთვე ითხოვენ საჩივრის წარმოების დასრულებამდე შეჩერდეს ნინო ბურჯანაძის, როგორც ქდმ თავმჯდომარის უფლებამოსილება.
იუსტიციის სამინისტრო საჩივარს უახლოესი 1 თვის ვადაში განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები






