“არცერთი თანამდებობა არ ღირს იმად, დაუპირპისპირდე ადამიანებს, რომელთა გვერდით ბევრი რამ გიკეთებია”,- ამის შესახებ განცხადება ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გააკეთა.
როგორ სიგუა აცხადებს, მან ჯერ მხოლოდ შეტყობინება მიიღო და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება დაწერილი არაა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც მისი პირიდან “კაზანტიპი” ამოვიდა, სიგუას ირგვლივ ყველა თემას ამას უკავშირებენ, რაც “ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია”.
“მთელი დღის წყება-წყება მოდიოდნენ ჟურნალისტები და მეუბნებოდნენ, რომ მოგხსნესო. მე ვამბობდი, რომ არა, არ მომხსნეს-თქო. სხვათაშორის, დიდი ხანი ვცდილობდი გარკვევას მართლა მომხსნეს, თუ არა, რადგან როდესაც მოხსნილი ხარ, შეუძლებელია, რომ შენ მაგ დროს აქტები, ბრძანებები გამოსცე, ადამიანები დანიშნო, რითაც მე ვიყავი მაგ დროს დაკავებული, შვებულებაში გავუშვი რამდენიმე ადამიანი”, - აცხადებს სიგუა და დასძენს, რომ ის ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება.
„სიმართლე გითხრათ, თანამდებობა და ჩინოვნიკობა უფრო მეტ პრობლემას მიქმნის, ვიდრე მოაქვს ჩემთვის სიხარული, ბედნიერება და კომფორტი. ერთადერთი თუ მე ამ თანამდებობიდან წავალ და ამ პოსტზე არ ვიმუშავებ, რაზეც გული ძალიან დამწყდება, ეს იქნება არაჩვეულებრივი, ფანტასტიური გუნდი, რომელიც მყავს. მე ამ ხალხით ვამაყობ. ისინი ოფისში არიან შეკრებილები და მე იქეთ ვაწყნარებ მათ. ბოლოს და ბოლოს თუ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ხელმძღვანელობის მიერ, რომ სიგუამ არ უნდა იმუშავოს, ჯანდაბას, არ არის პრობლემა”, - აღნიშნა სიგუამ.
“მე ვარ ჩინოვნიკი, მე ვემორჩილები სახელმწიფო კანონს. ჩემი ხელმძღვანელის, გიორგი კვირკაშვილის გადაწყვეტილებას, თუ ის თვლის, რომ ჩვენი ერთად მუშაობა შეუძლებელია, არავითარი პრობლემა არ არის, არ ვიმუშავებ. მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ გაპროტესტებასა და შეწინააღმდეგებას, რადგან ეს იქნება დისონანსის შემოტანა იმ გუნდში, რომელსაც “ქართული ოცნების” მთავრობა ჰქვია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე 4 აგვისტოდან არ ვმუშაობ. ჯერ ბრძანება არაა დაწერილი და თუ დაიწერება, შეიძლება გასაჩივრდეს და არაერთი შემთხვევა არსებობს, როცა სასამართლოს აღუდგენია. ეს არის თეორიულად, რაც დაშვებულია, თუმცა მე რას გავაკეთებ, ეგ მარტო მე ვიცი და თქვენ არ გეტყვით. ერთს გეტყვით, რომ არცერთი თანამდებობა არ ღირს იმათ, რომ მოიშალო ნერვები, დაუპირისპირდე იმ ადამიანებს, რომელთა მხარდამხარაც ბევრი რამ გიკეთებია, ახლაც და მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებ. სიმართლე გითხრათ, თანამდებობა მარტო რაღაცის შესაძლებლობა არ არის, ამავე დროს, რაღაც შეზღუდვაცაა. მე პირადად ბოლო პერიოდი საოცრად შეზღუდული ვარ იმის გამო, რომ ბევრ ისეთ ადგილას ვერ ვჩნდები, ბევრ თემაზე ვერ ვლაპარაკობ, რაზეც ლაპარაკი მიყვარს და მომწონს, მაგრამ ამ პიჯაკისა და ჰალსტუხის გამო, რაც ჭირის დღესავით არ მიყვარს და არ ვიკეთებ, ამ ჩარჩოებს ვერ ვცდები”, - განაცხადა სიგუამ.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






