„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში“ არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გასწორების მიზნით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნა, პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, პირის სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების ნაწილი და ჩაიწერა ამავე კანონის 29-ე მუხლში - „სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება“. შედეგად, ახლა პარლამენტარები თავისუფლდებიან მხოლოდ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან და არა მთლიანად სამხედრო ვალდებულებისგან, როგორც ეს აქამდე იყო. შესაბამისად, მათ მიმართ კანონი გამკაცრდა.
აქამდე მოქმედი კანონის მიხედვით (მუხლი 30, პუნქტი 2), თუ წვევამდელი გაწვევის დღისთვის, კანონმდებობით დადგენილი წესით, რეგისტრირებული იყო, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, სამხედრო სამსახურში გაწვევა მას არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე გადაუვადდებოდა, პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში კი, იგი თავისუფლდებოდა სამხედრო ვალდებულების მოხდისგან.
არსებული რედაქცია შეიცავდა ორ კაზუსს. პირველი - მუხლი, რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას ეხებოდა, არეგულირებდა სამხედრო ვალდებულების მოხდიდან გათავისუფლებისაც; მეორე - ამ მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრები თავისუფლდებოდნენ არა მხოლოდ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან, არამედ - მთლიანად სამხედრო ვალდებულებისგან, რაც, ასევე, მოიცავს: სახედრო აღრიცხვას, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებას, რეზერვს (მუხლი 1).
განმარტებას ითხოვს მედიის მიერ არასწორად ინტერპრეტირებული კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამასახურში პედაგოგებისა და სამეცნიერო ხარისხის მქონე პირეის გაწვევას ეხება. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის“ ძველი რედაქციით (მუხლი 29), სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას. კანონის ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ მომენტში სამეცნიერო ან პედაგოგიური საქმიანობით დაკავებული პირი სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებოდა მუდმივად, მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა მომავალში ისევ ჩართული სამეცნიერო ან პედაგოგიურ მუშაობაში.
ამ ხარვეზის გასასწორებლად, კანონის ეს ნაწილი გადავიდა 30-ე მუხლში („სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება“), შემდეგი რედაქციით - სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, „რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგოურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმინობას“.
ცვლილებების ავტორი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ამ შესწორებებით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი“ დაუახლოვდა ქვეყნის კოსტიტუციას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების თანასწორობის განმსაზღვრელი უზენაესი კანონია.
მასალის გამოყენების პირობები






