„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხელ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ცხელი ზაფხული არ დამთავრებულა და ამ მეთოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ დევნა გაგრძელდება.
„ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ აღასრულა დაანონსებული და გაცხადებული პოლიტიკური დევნის აქტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოაყენა ბრალი. ეს არის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნაბიჯი. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა თავის უმთავრეს ამოცანას. ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული მემკვიდრეობისა და მთავარი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება. ეს პოლიტიკური მიზანი გაცხადებულია და მისი აღსრულებისთვის ფიქრობენ, რომ აუციელბელია, სააკაშვილს ბრალი ჰქონდეს წაყენებული. ეს კარგს არაფერს მოუტანს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელქვეითებს და სამწუხაროდ – არც საქართველოს“, – განაცხადა გაბაშვილმა.
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წარუდგინა. საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






