მთავარ პროკურატურას არ გააჩნია მექანიზმი, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩვენების მისაცემად იძულებით ჩამოიყვანოს.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი პირის იძულებით ჩამოყვანა ხდება მაშინ, როდესაც ის საგამოძიებო უწყებაში ბრალდებულის სახით არის დაბარებული. ამ შემთხვავში ექს-პრეზიდენტის დაკითხვას პროკურატურა მოწმის სტატუსით გეგმავს, შესაბამისად მისი ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება.
„თუ სააკაშვილს აქვს მოწმის სტატუსი და იმყოფება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში მისი საგამოძიებო უწყებაში იძულებით მიყვანა შესაძლებელია. თუ აქვს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი ბრალდებულის სტატუსი, ამ შემთხვევაშიც შეიძლება იძულებითი წესით იქნას მიყვანილი საგამოძიებო ორგანოში. თუმცა, აქ სპეციალური პროცედურებია გასავლელი. პროკურატურამ უნდა აღძრას შუამდგლომლობა კონკრეტული სახელმწიფოს სამართალდამცველებთან, კონკრეტული ბრალდებულის გადმოცემის შემთხვევაში. ვიმეორებ, ეს ხდება მაშინ როდესაც პირს აქვს ბრალდებულის სტატუსი. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით არის დაბარებული და არამგონია, პროკურატურაში არ იცოდნენ, რომ მისი იძულებით ჩამოყვანა ვერ მოხდება. მოწმის საერთაშორისო ძებნა და ექსტრადიცია არ ხდება. საერთაშორისო სამართალი ესეთი ინსტრუმენტს არ იცნობს. თუ პროკურატურას რეალურად ესაჭიროება, რომ დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, ვფიქრობ უკეთესი იქნება, მოხდეს მისი დაკითხვა ტექნიკური საშუალებით ან აქაური გამომძიებლის მივლინება ქვეყანაში, სადაც სააკაშვილი იმყოფება. შესაძლოა, სამართლებრივი დახმარება სთხოვოს იმ ქვეყნის გამომძიებლებსაც, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და მათ დაკითხონ იგი. არსებობს რამდენიმე საშუალება და პროკურატურას შეუძლია, ეს გამოიყენოს. სიმართლე გითხრათ, ესეთი პრეცედენტი ჯერ არ მახსოვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ პროკურატურამ არ იცოდეს, რომ სააკაშვილის იძულებით დაკითხვა ამ შემთხვევაში შეუძლებელია. პროკურატურის მხრიდან ეს მცდელობა შეიძლება საერთაშორისო თვალში პოლიტიკურ კონტექსტში შეფასდეს“, - განაცხადა ალაფიშვილმა ,,ნიუპოსტთან" საუბარში.
მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მიწმის სტატუსით დღეს იყო დაბარებული. ექს-პრზიდენტის თქმით, ის ჩვენების მისაცემად საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






