საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რესპუბლიკური პრტიის“ ერთერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ბერძენიშვილი აღნიშნული თემის შესახებ „ვერსიასთან“ საუბრობს:
„ეროსი კიწმარიშვილი მედიაში უნიჭიერესი ადამიანი იყო - ჰქონდა უნარი, ჩვეულებრივი ადამიანები პროფესიონალ ჟურნალისტებად ექცია. რაც შეეხება პოლიტიკას, არ მგონია მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ყოფილიყო. მისი შემოქმედების მწვერვალი „რუსთავი 2“-ია, რომელიც ვერც „მაესტროში“ და ვერც სხვაგან ვეღარ გაიმეორა. ქართული პარტიაც მეათეხარისხოვანი პოლიტიკური ძალა იყო.
არავინ უარყოფს „ვარდების რევოლუციაში“ ეროსი კიწმარიშვილის დამსახურებას, მაგრამ თავად ეროსის ამ კუთხით გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა. კი ბატონო, ტელევიზიის როლი დიდი იყო, მაგრამ რევოლუციაში სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანი გახლდათ - მიხეილ სააკაშვილი და ხალხი, თუმცა, „ვარდების რევოლუციის“ ეპოქაც დასრულდა.
ეროსის ფული მისცეს, მაგრამ შესაძლოა მის მიერ მოთხოვნილი თანხის არაადეკვატური მცირე თანხა შესთავაზეს. ეროსი კიწმარიშვილს კი არა, ტელევიზია ქიბარ ხალვაშს წაართვეს. ეროსი აშშ-ში წავიდა და თავს კარგად გრძნობდა, ფინანსურად არასოდეს გასჭირვებია და ისეთი ადამიანი იყო, ფინანსურ პრობლემას არც შეიქმნიდა.
ვინც მას იცნობს, ყველა ამბობს, რომ თავს ვერ მოიკლავდა... თვითმკვლელობის ვერსიის დაჯერება მეც მიჭირს, მაგრამ, თუ გამოძიება იტყვის, თავი მოიკლაო, ამის წარმოდგენა შემიძლია, თუმცა შესაბამისი და დამაჯერებელი მტკიცებულებებიც უნდა ვიხილოთ... იმდენი ვერსია გავრცელდა, მართლა ვერ ვხვდები, რა მოხდა. არ დაგვავიწყდეს, საქართველო ის ქვეყანაა, ეროსი კიწმარიშვილი კი არა, ქუჩაში გალაქტიონ ტაბიძე სცემეს. თუ მოტივებზე ვისაუბრებთ, ამ ქვეყანაში 20 ათასის გულისთვისაც შეუძლიათ ადამიანის მოკვლა და ხუთი ლარისთვისაც.
თუ ეს შეკვეთილი მკვლელობაა, ამ დონის „ქილერი“ საქართველოს არ ჰყავს ანუ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ჩამოვიდა, ეროსი კიწმარიშვილს ისე დაუმეგობრდა, მანქანაში ჩაუჯდა და მოკლა. თეორიებით ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სპეცსამსახურს იმიტომ ჰქვია სპეცსამსახური, რომ მისი ხელი საქმეში, როგორც წესი, არ ჩანს. ვფიქრობ გამოძიებას უნდა დაველოდოთ“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






