სად არის სიმართლე? ალბათ, სადღაც ახლოს. უკვე შემოღებული ეკონომიკური სანქციების არასათანადოდ შეფასება და ჩამოწერა ნამდვილად არ შეიძლება. რუსეთის ეკონომიკას უკვე დაუდგა რთული პერიოდი და ეს მრავალ მაჩვენებელში აისახა. მაგალითად, რუსეთის ბანკებიდან მოქალაქეებს მეტი თანხები გააქვთ, ვიდრე შეაქვთ, ქვეყნიდან კაპიტალი გაედინება, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდა და ა.შ.
მაგრამ აშკარაა, რომ ეს საკმარისი არ არის. რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა მზადაა რაღაცეები აიტანოს იმ ფონზე, როცა „ყირიმი მათია“ და როცა მათი პრეზიდენტი უკრაინაში „ფაშისტებს ებრძვის.“ რუსეთს ძნელად თუ ემუქრება გაკოტრება, სანამ ნავთობზე ფასები კვლავაც მაღალია. ლეგენდარულ მესამე დონის სანქციებს საშველი არ დაადგა იმ პირობებშიც კი, როცა ჩამოგდებული სამგზავრო ლაინერის გამო მთელი მსოფლიო პუტინს ლანძღავს. ერთადერთი ამერიკა არ ერიდება შედარებით მკაცრ სანქციებს, მაგრამ რუსეთთან მისი ვაჭრობის მოცულობა არც ისე მაღალია და შესაბამისად მოსკოვს ეს დიდად არ აშინებს. სხვა საქმე იქნებოდა ამერიკის კვალს გერმანია და საფრანგეთი რომ გაჰყოლოდა. თუმცა, აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი გარანტია არსებობს, რომ მესამე დონის სანქციები სწრაფ შედეგს მოიტანს.
მოკლედ თითქოსდა საქმე ცუდად არის. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ.
როგორც უკვე ვთქვით, რუსეთის ეკონომიკა უკვე საგრძნობლად დაზარალდა პირველი ორი ეტაპის სანქციებით. მიუხედავად იმისა, რომ სანქციები პირდაპირ ეკონომიკაზე არ იყო მიმართული, მან არაპირდაპირი გავლენა მაინც მოახდინა მასზე - ინვესტორები დააშინა და რუსეთიდან ფული გაატანინა, რუს მოქალაქეებს ნათელი მომავალის რწმენა შეურყია და აიძულა უფრო მომჭირნედ ეხარჯა ფული, დაარტყა რუბლის კურსს და ა.შ.
მოკლედ რომ ვთქვათ, სანქციებმა უფრო ფქიქოლოგიური გავლენა მოახდინა და ახლა, ამ ეტაპზე რას მოიტანს მესამე დონის სანქციები? შეიძლება ისეთს არც არაფერს, მაგრამ მის მოლოდინში, მოქალაქეები და ინვესტორები, კიდევ უფრო მეტად პანიკდებიან. გაურკვევლობა, შიში და ცუდი მომავლის მოლოდინი ეკონომიკისათვის ერთობ არასახარბიელოა. დასავლეთში ამას კარგად ხვდებიან და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც სანქციების შემოღებას წელავენ. მთავარი მიზეზი, სამწუხაროდ, მაინც ისაა, რომ რუსეთთან კონფრონტაცია არ სურთ, რადგან ეს მათ ჯიბეესაც ურტყამს.
ლაინერის ჩამოგდების შემდეგ მსოფლიო ტრაგიკომიკური სურათის მოწმე გახდა - გერმანელებმა საფრანგეთს მოუწოდეს რუსეთისათვის „მისტრალები“ არ მიეყიდა, მაშინ როცა თავად არიან რუსეთის უმსხვილესი კონტაქტორები; ბრიტანელებისგან იგივე სახის მოწოდებას ფრანგებმა უპასუხეს, რომ ბრიტანელები ჯერ თავად უნდა გაერკვნენ რუსეთთან ფინანსურ გარიგებებში (იგულისხმება ლონდონის სიტიში რუსი ინვესტორების დიდი კაპიტალი, რისგანაც ბრიტანეთის ეკონომიკა ძალიან ხეირობს). მოკლედ, ერთსულოვნებით ევროპა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, სანქციები ნელ-ნელა თავის საქმეს აკეთებს და მათ გავლენას რუსეთის მოქალაქეები მალე უფრო მეტად იგრძნობენ. თავის დროზე საქართველოსთან ომმა პუტინი და მედვედევი დიდების ზენიტზე აიტაცა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოზე გამარჯვება“ გადაავიწყდათ და ისინი კვლავაც ყოველდღიურ პრობლემებს დაუბრუნდნენ. ყირიმი უფრო გემრიელი ლუკმაა, ვიდრე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ ეს ეიფორიაც ადრე თუ გვიან დავიწყებას მიეცემა და ეკონომიკური პრობლემები წინ წამოიწევს და დასავლეთთან კონფრონტაციასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, პუტინთან ერთობ დაახლოებული პირისა და გავლენიანი ფიგურის, ალექსანდრ კუდრინის ვარაუდით, დასავლეთთან დაპირისპირება რუსეთის მოქალაქეებს შემოსავლის 15-20% დაუჯდებათ. ეს არც ისე სასიამოვნო იქნება მათთვის, ვინც ბოლო დროს ევროპაში მოგზაურობასა და ფულის ხარჯვას მიეჩვია.
ეს, რასაკვირველია, უფრო საშუალო ვადის პერსპექტივაა. სწორეც საშუალო ვადაშია მოსალოდნელი რამდენიმე ისეთი ცვლილება, რომელიც რუსეთის ეკონომიკას მძიმედ დაარტყამს. კონკრეტულად კი გრძელდება ამერიკასა და ირანს შორის დიალოგი, რომელიც წარმატებული შედეგის შემთხვევაში ამ უკანასკნელის იზოლაციიდან გამოსვლით დასრულდება. ეს კი მსოფლიო ბაზარზე დიდი ოდენობით ირანული ნავთობისა და გაზის გატანას ნიშნავს, ნავთობის ფასის დაგდებას და ”გაზპრომის” პოზიციების უფრო მეტად შერყევას. ამ პერიოდში მოსალოდნელია ფიქლის გაზისა და ფიქლის ნავთობის მოპოვების გაზრდაც, რაც თავის წვლილს შეიტანს ამ პროცესში.
ერთი სიტყვით, სანქციებს ნამდვილად მოჰყვება გარკვეული შედეგი, ოღონდ სხვა ეკონომიკური ფაქტორების დახმარებით.
მაგრამ რუსეთისათვის მთავარი უბედურება იმდენად ეკონომიკა არ არის, რამდენადაც მისი პოლიტიკური მოდელი, რომელიც ერთ კაცზე დგას და ერთ კაცზეა მორგებული. კაცზე, რომელმაც უდავოდ დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე რუსეთის გაძლიერებაში, მაგრამ ამავე დროს ვერ მოახერხა რუსეთის ვერც პოლიტიკური და ვერც ეკონომიკური სისტემის რეფორმირება და საბოლოოდ ჩვეულებრივ დიქტატორად იქცა, რომელსაც შეცდომების დაშვება არ სურს, მაგრამ შეცდომებს აუცილებლად დაუშვებს. ეს შეცდომები, რაც უფრო მეტი დრო გავა, სულ უფრო და უფრო მძიმე იქნება. ეს ისეთი შეცდომები იქნება, რომელთა პროგნოზირება უბრალო მოკვდავთათვის რთულია. ასე მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა რუსების მიერ სამგზავრო ლაინერის ჩამოგდებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოხდა.
შეცდომები კვლავაც მოხდება განურჩევლად იმისა, სურს თუ არა ეს პუტინს და ეს საბოლოოდ გამოუთხრის ძირს მის ხელისუფლებას.
თორნიკე შარაშენიძე
ანალიტიკური ინტერნეტ გაზეთი ,,iveria.biz"
მასალის გამოყენების პირობები






