საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მერვე პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურადგამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
აქცია, რომელიც დედაქალაქის სააგიტაციო მასალისგან გაწმენდას ისახავს მიზნად, დღეს დაიწყო და თბილისის ყველა უბანში მიმდინარეობს.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი გვავალდებულებს, არჩევნების შემდეგ ჩამოვხსნათ სააგიტაციო მასალა. ამასთან, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება დედაქალაქის წინაშე უფრო მეტ ვალდებულებას გვაკისრებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისი იყოს მოვლილი და სუფთა ქალაქი, ამიტომაც, დღეს მოვაწყეთ დასუფთავების აქცია და თბილისის ყველა უბანს სააგიტაციო მასალისგან გავწმენდთ“, - განაცხადა აქციაზე დავით ნარმანიამ.
თბილისის არჩეული მერი, ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, დაემორჩილონ კანონს, გამოიჩინონ კეთილი ნება და შეუერთდნენ აღნიშნულ აქციას.
მასალის გამოყენების პირობები






