,,გვერდს ვერ ავუვლი ბოლო დროს პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მის ვიზუალურ გამომეტყველებას. არ ვიქნები გულწრფელი თუ დავწერ, რომ ჩემი შთაბეჭდილებების პოსტად ქცევისკენ, მტრის ამ მდგომარეობაში ხილვის კმაყოფილებამ მიბიძგა - ნამდვილად არა. ალბათ დამეთანხმებით, პუტინი ძალიან დიდ დროს უთმობს მის გარეგნულ იმიჯს, მუდამ მობილიზებული, პრინციპული და უძლეველი მართველისას. ესე იგი, რაღაც სერიოზული პრობლემების თავმოყრა უნდა ხდებოდეს, რომ რკინის ვლადიმირის იმიჯს, თან ვიზუალშიც, ბზარი მიეცა - პუტინი პირველად იხილა მსოფლიომ გაოფლილი, მოუმზადებელი და ოდნავ დაბნეული მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებისას, ჩაშავებული და დასიებული თვალის უპეებით მიშტერებული სუფლიორს, რომელზეც კითხულობს სულ მცირე განცხადებას ყოველგვარი იმპროვიზაციების გარეშე, არა ისე როგორც მას სჩვევია. აშკარაა, მისი ეს მდგომარეობა არ არის ჩვეულებრივი და მიანიშნებს, რომ პუტინს საქმე არც ისე დალხენილად აქვს, როგორც ეს სურთ ან ჰგონიათ რუსეთში და რაც ყველაზე სამწუხაროა, ბევრს საქართველოში.
მაშ რა ხდება? სულ რამდენიმე ფაქტს ჩამოვთვლი:
1. სულ უფრო და უფრო რეალური ხდება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ოლანდისა და მერკელის დაკარგვის საფრთხე. ისინი ხომ დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები არიან, სადაც საზოგადოებრივი აზრი გადამწყვეტ როლს თამაშობს, მით უფრო ბოინგ-777-ის ჩამოგდების შემდეგ;
2. აშშ დასავლურ სამყაროში პარტნიორებთან აძლიერებს მუშაობას სანქციების გაძლიერებასთან დაკავშირებით და ამაში ბრიტანეთიც აქტიურად ერთვება... ისე, ეს უკანასკნელი საკმაოდ სახიფათო სიგნალია;
3. რაც დრო გადის, უფრო მეტად უჭირს საფრანგეთს მისტრალის გაყიდვაზე არგუმენტების მოძიება, ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, ერთი თითქმის დათმო;
4. პოპულარული რუსული ჯგუფები პუტინის წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ, საბჭოთა კავშირის ნგრევის დასაწყისი მახსენდება;
5. ამერიკული სანქციებითა და მოსალოდნელი ევროპული ზეწოლით, საკმაოდ დაგვიანებულით, მაგრამ შედეგში მაინც შეწუხებული რუსი ოლიგარქები სულ უფრო მტკივნეულად რეაგირებენ. როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ამ ყველაფერში ჩუმად კულუარებში პუტინს ადანაშაულებენ;
6. უხერხემლო სეპარატისტი აგენტები ვერ უმკლავდებიან ცოტა ხნის წინ ყველას მიერ სუსტად შეფასებულ უკრაინულ არმიას და აქტიურად გარბიან;
7. ნაცვლად ფარული მოქმედებისა, რუსეთი იძულებული ხდება, ღიად დაბომბოს უკრაინული პოზიციები, რაც ბოინგ-777-ის შემდეგ მთლად კატასტროფას მოასწავებს;
8. სხვადასხვა საერთაშორისო მედიაშასუალებებში ვლადიმირ პუტინს სულ უფრო ხშირად ადარებენ კადაფს;
და ბოლოს, ერთი რამ ფაქტია, ბოინგის კატასტროფით სიტუაცია აბსოლუტურად გავიდა კონტროლიდან. მსოფლიო ისტორიაში, როგორც ექსპერტები და სხვადასხვა მედიასაშუალებები აფიქსირებენ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ბოევიკებისთვის გადაეცათ ასეთი კლასის საზენიტო დანადგარები.
ასე, რომ ყველაფერი ნათელია - პუტინმა გაბედა ეთამაშა უძლეველის როლი, მაგრამ საბედნიეროდ ის არ არის უძლეველი“, - წერს ედპ-ს თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






