საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო გეგმის დეპუტატებისთვის გაცნობის შემდეგ უმცირესობამ და უმრავლესობამ პრემიერმინისტრს კითხვები დაუსვეს. თუმცა, გოგა ხაჩიძეს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვის დასმის უფლება სრულად არ მისცა და მიკროფონი გამოურთო:
„მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ აქ დასმულ და დასასმელ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს მივიღებთ, მე ორი კონკრეტული შეკითხვა მაქვს, ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ თქვენ გერმანელი ექსპერტი დიტერ უმბახი ჩამოაბრძანეთ საქართველოში, რომ გასწავლოთ, როგორ არ აიღოთ პრემიები და ეს საკითხი მოაგვაროთ, ახლა სამთავრობო პროგრამაში ვისმენთ, რომ თქვენ უცხოელი პროკურორები მოიწვიეთ იმისთვის, თუ როგორ დაიჭიროთ უკეთ მაღალი თანამდებობის პირები, მე მაინტერესებს რა უჯდება ბიუჯეტს ეს მეორე ნაწილი, საიდან ფინასნსდება?
მეორე კითხვა, მსურს არაფერი შემეშალოს, მინდა ციტატა მოგასმენინოთ, ყვარელში, მეც შემთხვევით შევესწარი ამ სცენას, ეს არის ციტატა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან“, - განაცხადა ხაჩიძემ.
მას შემდეგ, რაც დეპუტატმა აუდიო ვერსია მიკროფონის მეშვეობით გაუშვა, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმინისტრმა მოითხოვეს ხაჩიძესთვის მიკროფონი გაეთიშათ. შემდეგ კი დავით უსუფაშვილმა მანდატურებს სთხოვა უმცირესობის დეპუტატი დარბაზიდან გაეყვანათ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






