საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გახმაურებული საქმეების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამოსაძიებლად უცხოელი სპეციალისტები მოიწვია:
„ჩვენ გვესმის ამ ეპოქის მნიშვნელობა და მისი თანმდევი პასუხისმგებლობა, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიის შექმნაში. დადგა დრო, როცა ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სახელმწიფოსა და მომავალზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში.
არავინ არ აპირებს თვალი დახუჭოს დანაშაულზე და მათ გამოძიებაზე, ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ გამოძიება პოლიტიკური დევნით ხორციელდება, ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს, სწორედ ამიტომ, ჩვენ მოვიწვიეთ მსოფლიოში აღიარებული, პროფესიულ წრეებში საყოველთაოდ ცნობილი სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტები, მოვიწვიეთ იმისათვის, რომ დახმარება გაუწიონ ქართველ პროკურორებს, რათა მოხდეს გამოძიება ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხალხი ენდობოდეს გამოძიებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






