ევროკავშირმა გამოაქვეყნა გაფართოებული სია, რომლის მიხედვითაც მასში შეყვანილ პირებს სხვადასხვა სანქციები და აკრძალვები დაუწესდათ უკრაინის მოვლენების გამო. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.
„შავ სიაში“ მოხვდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის ხელმძღვანელი მიხაილ ფრადკოვი, უშიშროების საბჭოს წევრები ნიკოლაი პატრუშევი, ბორის გრიზლოვი და რაშიდ ნურგალიევი, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი. სანქციები ასევე დუწესდა „ФСБ“-ს გენერალს სერგეი ბესედის, დუმის დეპუტატს მიხაილ დეგტიარევს, კრასნოდარის გუბერნატორს ალექსანდრ ტკაჩევს.
ამასთანავე, სანქციები დაწესდა თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მიმართებითაც. დონეცკის ე.წ. სახალხო გუბერნატორს პაველ გუბარევს, მის მეუღლეს ეკატერინას, ე.წ. თავდაცვის მინისტრს ფეოდორ ბერეზინს და სხვა პირებს. ევროკავშრის „შავ სიაში“ შეყვანილნი არიან „დონეცკის მებრძოლები“, „სამხრეთ -აღმოსავლეთის არმია“, „დონბასის ამბოხებულები“ და ბატალიონი „აღმოსავლეთი“.
„შავი სია“ კიდევ 15 ადამიანით გაიზარდა, ასევე დაემატა 18 კომპანია და ორგანიზაცია. სულ „შავი სია“ მოიცავს 87 ფიზიკურ პირს და 20 იურიდიულ პირს. მათ ეკრძალებათ 2014 წლის ნოემბრამდე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა, მათი აქტივები კი ევროპის ბანკებში აღმოჩენის შემთხვევაში გაიყინება.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






