თავდაცვის ექს-მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში უცხოელი პროკურორების ჩამოსვლის ფაქტს ეხმაურება. როგორც ახალაია „ფეისბუქზე“ წერს, პროკურორების ჩამოსვლა ემსახურება სააკაშვილისთვის სისხლის სამრათლებრივი დევნით საქართველოში ჩამოსვლის შეზღუდვას.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც უცხოელი პროკურორების საქართველოში ჩამოყვანას ეხება. გასაგებია ივანიშვილის მცდელობა შეასრულოს პუტინის დავალება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნით შეუზღუდოს საქართველოში ჩამოსვლის საშუალება. სწორედ ამიტომ საქვეყნოდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს ძალიან მარტივად და გასაგებად, ვაძლევ გარანტიას თუ ასეთ ავანტიურას გაბედავს მწარედ ინანებს, ის ასეთი ქცევით საკუთარ თავს გამოუტანს განაჩენს. ჯობია შეიგნოს რომ წითელი ხაზი უკვე დიდი ხნის გადაკვეთილი აქვს, გაგრძელებას კი ნამდვილად არ ვურჩევ. მისთვისვე ჯობია შეწყვიტოს მცდელობები ქართული სახელმწიფოს განადგურებისა!“, - წერს ახალაია.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, გუშინ, თბილისში მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. მოწვეული სტუმრები იყვნენ ყოფილი პროკურორები, რომლებსაც წარსულში საკუთარი ქვეყნების სამართლადამცავ ორგანოებში მაღალი თანამდებობები ეკავათ, უძღვებოდნენ ყოფილი სახელმწიფო მოხელეების გახმაურებულ საქმეებს, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ტრიბუნალების საქმიანობაში.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






