კულტურის მინისტრის თანამდებობაზე როგორც ცნობილი გახდა პრემიერმა „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი მიხეილ გიორგაძე წარადგინა. მიხეილ გიორგაძემ „ქრონიკაში“ სამომავლო გეგმებსა და კულტურის სამინისტროში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა.
მიხეილ გიორგაძე: „შეთავაზება გუშინ მივიღე. მე და პრემიერმა კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით ზოგადად ვისაუბრეთ. კონკრეტულ გეგმებზე, ვერაფერს ვიტყვი ეს ალბათ არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. უნდა ჩავიხედო სტრუქტურაში, გეგმებში, ჩვენი ხედვა უნდა წარმოვადგინო და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება კონკრეტულ რეალურ საქმეებზე საუბარი.
-თუ აპირებთ სტრუქტურულ საკადრო ცვლილებებს უწყებაში?
-სიურპრიზი არავისთვის იქნება ის, რომ ბევრად უფრო წარმატებულად განხორციელდება ის გეგმები იმ გუნდთან ერთად, რომელთანაც წლების განმავლობაში მოვდივარ, უამრავი დიდი პროექტი გვაქვს ერთად განხორციელებული, უამრავი ძნელი პერიოდები გავლილი, ერთი მსოფლმხედველობის ხალხი ვართ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემს გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ჩემი გუნდი.
-თქვენი დანიშვნის შემთხვევაში კულტურის სამინისტროს პოლიტიკა შეიცვლება თუ დარჩება ისე როგორც ოდიშარიას მინისტრობის პერიოდში?
- ისევ და ისევ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ბევრად უფრო აქტიური როლი უნდა დაიკავოს კულტურის სამინისტრომ, ვფიქრობ აქამდე საკმაოდ პასიური იყო, ინიციატივის მატარებელი უნდა იყოს კულტურის სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. უფრო კონკრეტულს ახლა ვერაფერს გეტყვით, 26-მდე რამოდენიმე დღე კიდევ მაქვს, ამიტომ გარკვეულწილად ჩევენს ხედვას 26-ში წარვადგენთ.
მასალის გამოყენების პირობები






