„ირაკლი ღარიბაშვილმა უშუალოდ თავისი კანდიდატები წარადგინა და ეს მისი გუნდია. ამაში ვერაფერს უჩვეულოს ვერ ვხედავ. პირიქით, მემკვიდრეობით დატოვილ ადამიანებზე პასუხისმგებლობა ძალიან ძნელია და როდესაც მას ეგულება თავისი გუნდი, ის პრიოვნულად იქნება პასუხისმგებელი ამ გუნდის მუშაობაზე. ჩემთვის უფრო დადებითია ეს ფაქტი, ვიდრე უარყოფითი. გეტყვით, რომ ეს ცვლიბებები ნამდვილად იყო საჭირო და აცუილეველი. ვფიქრობ, რომ არაერთი სხვა მინისტრიც უნდა გამოცვლილიყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო ნათელი მესიჯი ცვლილებებისთვის. კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ თუ რომელი მინისტრი უნდა გამოცვლილიყო, მაგრამ ამ შემთვევაში, როგორც სჩანს, იმუშავა პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპმა - ანუ ერთ მხარეს არის კოალიციური პრინციპები და მეორე მხარეს არის საზოგადოების ინტერესები. ამ შემთხვევაში საზოგადოების ინტერესი იყო გამოცვლილიყო უფრო მეტი მინისტრი, რომელთა ეფექტურობაც მოხსნილებზე მეტი არ გახლავთ. კოალიციური ინტერესი იყო ის, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მინისტრები შეენარჩუნებინათ. ამ ეტაპზე როგორც ჩანს პოლიტიკურმა ინტერესმა იმძლავრა. ვერ გეტყვით რა არგუმენტი ჰქონდა პრემიერს, როდესაც დანარჩენი მინისტრები არ გამოცვალა, გარდა პოლიტიკური ინტერესისა. ალბათ ის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი მარათონია და ამ გზაზე არაერთი მინისტრის ცვლილებას უნდა ველოდოთ. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი. არა ყველას ერთბაშად შეცვლა, არამედ საპარლამენტო არჩევნებამდე თანდათანობითი ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
ექსპერტი პრეზიდენტსა და სამთავრობო გუნდს შორის არსებულ ურთიერთობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. მისი თქმით, ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ხელისუფლებას აზღვევს არადემოკრატიული გადაცდომებისგან, სწორედ ეს აზრთა სხვადასხვაობაა.
„ის, რომ ხელისუფლებაში არის აზრთა სხვადასხვაობა ეს არის იმის გარანტია, რომ ხელისუფლება იყოს დემოკრატიული, იმიტომ, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოში არ არის ძლიერი ოპოზიცია, ხელისუფლებას აკავებს ის, რომ ხელისუფლება ერთ ხმაზე არ მღერის. სამწუხაროდ, საქართველოს ტიპის ქვეყანაში კანონი არ არის ის შემაკავებელი ბარიერი, რომელიც ხელისუფლებას გადაცდომებისგან დაიცავდა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ხელისუფლებას აზღვევს არადემოკრატიული გადაცდომებისგან და იმისგან, რომ ის არ დაადგეს ავტორიტარიზმის გზას, სწორედ ეს აზრთა სხვადასხვაობაა ხელისუფლებაში და ასევე, თავისუფალი მედია. ამ თავლსაზრისით, რაც გუშინ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა პრეზიდენტმა, რომ ის ყოველთვის იქნება თავისუფალი მედიის დამცველი, ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება და ალბათ ყველაზე არსებითი მისი პრეზიდენტობიდან დღემდე. მისი ფუნქცია სწორედ ეს არის. ის არის პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი და მისი პირდაპირი, კონსტიტუციური მოვალეობაა დაიცვას ქვეყანაში ადამიანის, მედიის, სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, ბიზნესის და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით, მისი როლი შეუცვლელია. ძალიან კარგი, რომ ამ უფლებების დამცველის როლში ხედავს საკუთარ თავს“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ ,,ნიუპოსთან" საუბარში.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






