საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები წარადგინა. ცვლილება შვიდ სამინისტროს შეეხო.
სოფლის მეურნეობის მინისტრი - ოთარ დანელია;
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით შავლიაშვილი;
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - გელა დუმბაძე;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო - ელგუჯა ხოკრიშვილი;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვინაობა, პრემიერის თქმით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი.
"ვიცი რომ კულტურის მინისტრთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს. ეს გახლავთ ერთ-ერთი საპასუხისმგებლო სამინისტრო. მინისტრს ყურადღებით ვარჩევთ. გვაქვს რამდენიმე კანდიდატურა და დღეს საღამოს თუ არა მას ხვალ დილით დავასახელებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კანონის თანახმად, შერჩეული კანდიდატურების დასახელების შემდეგ პრეზიდენტმა ხელახალი ნდობის მისაღებად პარლამენტს შვიდი დღის ვადაში უნდა მიმართოს.
ნინა გოლოშვილი

მასალის გამოყენების პირობები






