სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ეხმაურება.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სუბარმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან ბოლო დღეების განმავლობაში საუბარი ჰქონდა. სუბარი მისი მინისტრობის პერიოდს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის დროს ადამიანის პატივისცემა დაბრუნდა.
"გულწრფელად გითხრათ, კმაყოფილი ვარ იმ მუშაობით, რაც გავწიეთ ამ სამინისტროში მთელ გუნდთან ერთად. ყველა გადაწყვეტილებაში მთავრობა ერთიანია. რაღაც დონეზე მიმაჩნია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ძირითადი რეფორმები და ამოცანები გადაწყვეტილია. პრაქტიკულად, გასაკეთებელი გავაკეთეთ. ის გარდატეხა რაც საჭირო იყო, ამ წელიწადნახევარში გაკეთდა. მოხდა ჰუმანიზაცია, წესრიგი დამყარდა ისე, რომ არ იყო ძალადობა. ამ უწყებაში ადამიანის და პიროვნების პატივცისცემა დაბრუნდა. აღნიშნულ საკითხზე პრემიერთან საუბარი მქონდა. თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება მისი შემცვლელის ვინაობას, სუბარი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სასჯელაღსრულების მინისტრად ლევან იზორია ინიშნება, უარყოფს.
„გადაწყვეტილია თუ ვინ იქნება ჩემი შემცვლელი და ამ თემაზეც ველაპარაკე პრემიერს. ის გვარი ნამდვილად არ არის, რაზეც დღეს მედიაში იყო საუბარი. სასჯელაღსრულების სისტემდან არ არის, თუმცა პროფესიონალი ადამიანია“, - განაცხადა სუბარმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






