საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ უპასუხისმგებლობაა წინასწარ იმაზე საუბარი, საქმე გვაქვს მკვლელობასთან თუ თვითმკვლელობასთან.
„ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან თქმა ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს თუ თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია, „რუსთავი 2“ რჩება სამიზნე რუსი ოლიგარქის, ეს რომ ასეა მას რამდენიმეჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, მე არ ვიცი ვჭორაობ თუ არა, მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ „რუსთავი 2“-ს წაართმევენ მფლობელებს.
ის, რომ ეროსი კიწმარიშვილი ამ ყოველივეს არ ეთანხმებოდა, ეროსის სიცოცხლის პირობებში ეს ყველაფერი გართულდებოდა. ფაქტი ფაქტად რჩება, რუსთავი 2-თან მიმართებაში საფრთხე ბევრად უფრო იზრდება.
მე რამდენადაც მახსოვს თავის დროზე ეროსი კიწმარიშვილმა ეს ტელევიზია გაყიდა და დიდი ფული აიღო, მაგრამ სინდისი ეყო და ამას ღიად ამბობდა, მაგრამ ახლა მთავარი არის ის, რომ დღეს თქვენ ხართ თავისუფალი, როცა თავისუფალი აღარ იქნებით, ეს ყველაფერი ჩამოიშლება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






