რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი, სატვირთო ავტომობილის გაუმართაობა გახდა.
ავარიის დროს ტრაილერის შეჯახების შედეგად ავტობუსი ამოყირავდა, რასაც 14 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.
ავტობუსში ვოკალური ანსამბლის „ლილეოს“ წევრები იმყოფებოდნენ. ისინი ბულგარეთში, ფესტივალზე თბილისიდან მიემგზავრებოდნენ.
როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა ნატალია კულდონაშვილმა „პირველ რადიოს“ განუცხადა, ტრაილერს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც მძღოლმა სატვირთო მანქანა ვეღარ დაიმორჩილა, ის ჯერ სხვა ტრაილერს დაეჯახა, შემდეგ კი ავტობუსს.
„მუხრუჭებმა არ დაიჭირა და ეს ტრაილერი ჯერ სხვა ტრაილერს და მერე ჩვენ დაგვეჯახა. ამ დროს ავტობუსში 15 ბავშვი იჯდა, უფროსებიც ისხდნენ. 14 წლის თამარ ფერაძე გარდაიცვალა. ერთ ბიჭს კი საოპერაციო აქვს ხელი, მას დამსხვრეული აქვს მხრის ძვალი. დანარჩენებს უმნიშვნელო დაზიანებები აქვთ“,-განაცხადა ნატალია კულდონაშვილმა.
„ლილეოს“ ხელმძღავნელი მისი ანსამბლის წევრის გარდაცვალების დეტალებზეც საუბრობს. ნატალია კულდონაშვილი აცხადებს, რომ იმ ადგილას მჯდომი ბავშვი, სადაც პირველი შეჯახება მოხდა ავტობუსიდან უვნებელი გადმოვიდა. თუმცა სავარაუდოდ თამარ ფერაძე ავტობუსიდან მაშინ გადმოვარდა, როცა ის ამოტრიალდა და ტრაილერმა რამდენიმე მეტრი ათრია.
„სულ უკან იჯდა, ავტობუსში ბოლოს სკამები, რომ არის. საოცარი იცით რა არის. ფანჯრის მხარეს, რომელ მხარესაც პირველად დაგვარტყა, სანამ გავგისწრებდა და გადაგვაყირავებდა, პირველად სადაც დაგვარტყა, იმ ადგილას მჯდომი ბავშვი უვნებელი გამოვიდა ავტობუსიდან. გვერდზე ეჯდა ის ბავშვი, რომელიც გარდაიცვალა. როგორც ჩანს როცა გადავტრიალდით და ამ ტრაილერმა გვათრია, შუშა ჩაიმსხვრა და ბავშვი გადმოვარდა, ავტობუსის ქვემოთ იყო მოქცეული“,- განაცხადა ნატალია კულდონაშვილმა.
ნინა შადური
წყარო: pirveliradio
მასალის გამოყენების პირობები






