ევროკომისარი შთეფან ფულე პარლამენტში იმყოფება. იგი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ღონისძიებას დაესწრება.
როგორც ფულემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი პროცესით ისტორია იქმნება:
„საქართველოს პარლამენტში სპეციალურად იმისთვის მოვედი, რომ მენახა როგორ იქმნება ისტორია, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ამ ამბიციური დოკუმენტის რატიფიცირება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საფუძველია, ასევე საფუძველია ევროკავშირის საქართველოსთან დაახლოების.
აქ ასევე იმისთვის მოვედი, რომ დავარწმუნო ქართველი დეპუტატები და ხალხი, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით ამ შეთანხმების შესრულებაში, რაც რეფორმების გატარებას და მომავალში ინვესტიციების მიღებას ნიშნავს, ეს თქვენი ქვეყნის მოდერნიზაციის გზაა. ნათელია, რომ ამ შეთანხმებას მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობებიც აქვს, ვაპირებ ჩემს ქართველ კოლეგებთან ერთად ხელი მოვაწერო შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმავე დახმარების მიღებას, რაც გასული შვიდი წლის განმავლობაში მიიღეთ.
ამ შემთხვევაში მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, გრანტებს ვგულისხმობ. არის ფინანსური დახმარების სხვა ფორმებიც, რომელიც ასევე იქნება. ყველა ასპექტზე მუშაობა, რომელიც შეთანხმებაშია გათვალისწინებული, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან უფროდაუფრო ახლოს მიიყვანს“, - განაცხადა შტეფან ფულემ.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






