საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე დაესწრება, უკვე ქუთაისის პარლამენტშია. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მისი სურვილია დღევანდელი დღე საქართველოს პარლამენტთან ერთად იზეიმოს.
„ამ დღეს, როდესაც საქართველოში ისტორიული ნაბიჯის დამტკიცება ხდება, მინდა ვიყო ქართულ პარალმენტთან ერთად და მათთან ერთად გავიზიარო ეს დღე. ის, რომ ჩვენ შევძელით, ასე სწრაფად, მოგვეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებისთვის, ეს თავის მხრივ მეტყველებს, რომ პასუხისმგებლობა გააზრებულია და ხელმოწერამდეც ბევრი გაკეთდა. ჩვენ მკვეთრად განვაცხადეთ, რომ ეს ხელშეკრულება არის მხოლოდ დასაწყისი და საბოლოო მიზანი არის ევროპის ნაწილად გახდომა. დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას არ ვაპირებ, მაგრამ კოლეგებს მივულოცავ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკვე 2 საათია პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე დეპუტატები დოკუმენტს განიხილავენ, რომელიც დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო. 5 საათისთვის პარლამენტის ტრიბუნას უკვე სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო ღონისძიება. მინისტრების გამოსვლების შემდეგ სხდომა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






