საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე პარლამენტის სხდომაზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე მოხსენებით გამოვიდა. მან დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირი ეროვნული და საერთო ინტერესების მუდმივ ბალანსს, ასევე ეროვნული ტრადიციების მრავალფეროვნებისა და ინდივიდუალურობის პატივისცემას გულისხმობს.
“საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. “ევროპელობა” სხვა არაფერია, თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. ევროკავშირი, რომლის დევიზია, “ერთიანობა მრავალფეროვნებაში”, საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და ტრადიციების, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების გრძელვადიანი გარანტია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წინაშე მრავალი გამოწვევაა, ის მაინც მუდმივად ინარჩუნებს მიმზიდველობას და აგრძელებს გაფართოებას, რაც ამ პროექტის წარმატების ნათელი დასტურია“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ფანჯიკიძის თქმით, ის მოხარულია, რომ ასოცირების შეთანხმებას საზოგადოების ფართო მხარდაჭერა აქვს.
“თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა – არის სამი განმსაზღვრელი ფაქტორი, რისთვისაც ქართველმა ხალხმა აირჩია ეს გზა. საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთო ეროვნული თანხმობისა და საერთო ფასეულობების საფუძველზე ნებაყოფლობით ვირჩევთ ჩვენი მომავალი განვითარების ევროპულ გზას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს არის ჩვენი თაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მოხარულნი ვართ, რომ ასოცირების შეთანხმებას საზოგადოების ფართო მხარდაჭერა აქვს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმები წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება და მხოლოდ მაშინ მოიტანს პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს, როდესაც ეს ეროვნულ იდეად მოიაზრება”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის.
“დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება, თუმცა ასოცირების შეთანხმება, ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის გზით, საშუალებას გვაძლევს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჭეშმარიტად მდგრადი და შეუქცევადი გახდეს.
ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ჩართულობითა და შერიგებით არის შესაძლებელი კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. უპირველეს ყოვლისა, გვჯერა, რომ ასოცირების შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოს მიმზიდველობის გაზრდას. არაფერი არ არის უფრო მიმზიდველი, ვიდრე ღია, დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






