საქართველოს პრეზიდენტი რატიფიცირების პროცესს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ცნობილია პრეზიდენტი უკვე მიემგზავრება ქუთაისში.
უკვე 2 საათია პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე დეპუტატები დოკუმენტს განიხილავენ, რომელიც დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცნო.
გამოსვლა ჰქონდა ვიცე-პრემიერს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. მთავრობამ დღეს კიდევ ერთხელ გაახმიანა შეთავაზება, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში ჩადებული ყველა შეთავაზებით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც.
5 საათისთვის პარლამენტის ტრიბუნას უკვე სტუმრები დაიკავებენ. კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. სხდომაზე მიწვეული არიან ევროკომისარი შტეფან ფულე, ლატვიისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გაიმართება საზეიმო ღონისძიება.
მინისტრების გამოსვლების შემდეგ სხდომა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






