საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 კატასტროფის გამო. ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე. მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო ძალისხმევით ჩატარდეს გამოძიება და სათანადო შეფასება მიეცეს ამ ტრაგედიას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად შედეგად ბორტზე მყოფი 285 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






