საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777, რეისით ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ჩამოვარდნის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„უმნიშვნელოვანესია უტყუარად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. ამ ეტაპზე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მომხდარი ნათლად წარმოაჩენს საერთაშორისო სამართლისა და ქვეყნის კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ შეიარაღებული დაპირისპირების თანამდევ სავალალო შედეგებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ჰოლანდიის, მალაიზიისა და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად შედეგად ბორტზე მყოფი 285 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






