საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლის შესაბამისად, ყველას ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან.
საქართველოს მოქალაქეთა სახელმწიფო საზღვარზე მოძრაობას აწესრიგებს სპეციალური კანონი საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის შესახებ, რომლის თანახმადაც პირის უცხოეთში გამგზავრება შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
1. პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ – მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულია დაპატიმრება და მიმდინარეობს მისი ძებნა;
2. საზღვრის გადაკვეთის დროს წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთს (პასპორტი, ვიზა);
3. იმ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქე აპირებს გამგზავრებას, შექმნილია საგანგებო სიტუაცია და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით გარკვეული ვადით შეზღუდულია ამ კონკრეტულ ქვეყანაში მოქალაქეთა გამგზავრება.
კანონის მიერ გათვალისწინებული ეს შეზღუდვები გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებათა შეზღუდვის პროპორციულობის (Margin of Appreciation) პრინციპიდან, რომლის თანახმადაც პირის მიერ ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი ქვეყნის დატოვების თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, დანაშაულის თვიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად (ევროპული კონვენციის ოქმი # 4, მუხლი 2, ნაწილი 3; საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლის მესამე ნაწილი).
ამრიგად, კანონით გათვალისწინებულის გარდა, სხვა ნებისმიერი საფუძვლით მოქალაქისათვის ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა ან თუნდაც საზღვრის კვეთის პროცესში უსაფუძვლო შეყოვნება წარმოადგენს ადამიანის საერთაშორისო სამართლით აღიარებული მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას და დასჯადი ქმედებაა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152–ე მუხლი).
გარდა იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმის შესაძლებლობას, რაც არ მიგვაჩნია დარღვეული უფლების სწრაფი აღდგენის საშუალებად, აუცილებელია დადგენილი იქნას ამ უკანონო ქმედებების პრევენციისა და ადამიანის ქვეყნის თავისუფალი დატოვების უფლების უზრუნველყოფის მიზნით სხვა, უფრო სწრაფი პროცედურები, კერძოდ:
მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის შესახებ კანონის 26 – ე მუხლის შესაბამისად, დაინტერესებულ პირს, რომელსაც უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დღევანდელი ,,პრაქტიკის“ გათვალისწინებით ცხადია, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ასეთი ზოგადი ფორმულირება ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა დაცვას მიმოსვლის თავისუფლების უკანონო შეზღუდვებისაგან.
რეფორმატორთა კლუბი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს ზუსტად განსაზღვროს საზღვრის გადაკვეთაზე პოლიციის უარის როგორც სასამართლოში გასაჩივრების, ასევე სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მოკლე და გონივრული ვადები, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს საკითხის სწრაფ გადაწყვეტას, ხოლო მეორეს მხრივ დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ისარგებლოს დამცველის მომსახურებითა და სათანადოდ მოემზადოს სასამართლო სხდომისათვის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება).
ამასთან, სასამართლოს მიერ ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმის ან საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქის შეყოვნების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს დაინტერესებული პირისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მექანიზმი.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






