ეროსი კიწმარიშვილს მნიშვნელოვანი პროექტები ჰქონდა, რომელიც რუსთავში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ რუსთავის მერობის ყოფილმა კანდიდატებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ივანე შათირიშვილის და ალექსანდრე ბერიძის ინფორმაციით, მათ ეროსი კიწმარიშვილთან კომუნიკაცია არჩევნების მეორე ტურამდე ჰქონდათ.
როგორც შათირიშვილი იხსენებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე კიწმარიშვილმა გარკვეული ფონდის შექმნის იდეაც წამოაყენა.
“მას სულ ეჩქარებოდა, სულ უნდოდა, დროისთვის გაესწრო. ბოლო შეხვედრაზე თქვა ასეთი რამ: შევიკრიბოთ და გავაკეთოთ საკონსულტაციო ჯგუფი, საწარმოებს 5-5 მილიონი გადმოვარიცხინოთო. უნდოდა, შექმნილიყო ფონდი... ამ ფონდში შემოსული თანხით სურდა რუსთავში სოციალური საკითხების მოგვარება. ასეთი თანამშრომლობა არის, როდესაც ბიზნესი თანამშრომლობს სხვადასხვა სტრუქტურასთან და სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობს. ეს იყო იდეის დონეზე, დეტალები არ განგვიხილავს. მე შევშინდი კიდეც ამ იდეით, ფონდის გახსნის აუცილებლობა ამ ეტაპზე ვერ დავინახე”, - განაცხადა შათირიშვილმა.
რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატები ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






