საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტთან კარლჰაინც კოფვთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ვიცე– სპიკერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა პირადად მიულოცა.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვნად ვითარდება თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. პრემიერის განმარტებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან (ADA). მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის საკითხზე, რომლის მიზანია საქართველოში ტყის რესურსების მართვის გაუმჯობესება, გარემოს დაცვის სამინისტროს, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება და სატყეო სექტორში რეფორმის განხორციელება.
შეხვედრაზე ასევე განიხლეს კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა სტუმარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხში ავსტრიის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„პრემიერ-მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და მეგობრული შეხვედრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასოცირების ხელშეკრულება. უპირველეს ყოვლისა, ვულოცავ თქვენს ქვეყანას ხელშეკრულების ხელმოწერას და მოხარული ვარ, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება. ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას ავსტრიის პარლამენტი მას შემდეგ განახორციელებს, რაც ჩვენ მუშაობას განვაახლებთ. ეს მოხდება მაქსიმალურად მოკლე ვადებში, წლის ბოლომდე. საქართველოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ სექტორებში საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. არსებობს ეკონომიკის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა. საქართველოს საინტერესო გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს კავკასიის რეგიონში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ავსტრიული კომპანიებისთვის. გარდა ამისა, ისინი ხედავენ, რომ თქვენი ქვეყანა ვითარდება ძალიან ბევრი მიმართულებით - ეს იქნება უსაფრთხოება, საკანონმდებლო და მართლმსაჯულების სფერო. ეს ჩვენს კომპანიებს ნდობას უჩენს, რათა მათ საქართველოში განახორციელონ აქტივობები. ნდობა თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია და ჩვენ ვენდობით საქართველოს,“–განაცხადა კარლჰაინც კოფვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






