საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. კალაძემ განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიამ გუშინ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მინისტრმა ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:
„ჩვენ გუშინ ვნახეთ განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ის ეთერში მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ტარიფი იზრდებოდა, ეს არის სიცრუე და მე ვფიქრობ ეს პირველად არ ხდება, როცა „რუსთავი 2“ მიზანმიმართულად ახორციელებს სიცრუის პროპაგანდას. ეს არის მანქანა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სიცრუეზე დაფუძნებული, რომელსაც წინა ხელისუფლება ძალიან კარგად იყენებდა სათავისოდ და მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, არ დაუჯეროს იმ ცრუ განცხადებებს, რომელსაც „რუსთავი 2“ აკეთებდა გუშინ, ტარიფი არ შეიცვლება, შესაბამისად დარჩება ის შემცირებული ტარიფი, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს განხორციელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






