„ჩვენი საქართველოს“ ლიდერი ვალერი გელბახიანი, რომლის პარტიის სახელითაც ეროსი კიწმარიშვილი რუსთავში კენჭს იყრიდა, კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში გებახიანმა განაცხადა, ეროსი კიწმარიშვილს არანაირი მიზეზი არ ჰქონდა იმისთვის, რომ თავი მოეკლა. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ თვითმკვლელობის ვერსიაზე წინასწარ გაკეტებული განცხადება, არასერიოზულია.
„ეროსისთან, არჩევნების შემდეგ, მხოლოდ ტელეფონით მქონდა კავშირი. მას ჰქონდა თავისი პოლიტიკური გეგმები და არანაირი დეპრესია ბატონ ეროსის არ ჰქონია. სამართალდამცველების განცხადება, რომ კიწმარიშვილმა შესაძლოა თავი მოიკლა, ძალიან ნაჩქარევია და არასერიოზულ შთაბეჭდილებას სტოვებს. ასეთ ვითარებაში გამოვრიცხავ, რომ ეროსის თავი მოეკლა. თვითმკვლელობას მომზადება სჭირდება... რაც შეეხება კიდევ ერთ ვერსიას, რომ ვალები ჰქონდა, ეს ტყუილია. ეროსი ფინანსურად მყარ მდგომარეობაში იყო. ეს არის მკვლელობა და ამას სჭირდება გამოძიება. ეს უკვე მთავრობის პრესტიჟია, თუ რამდენად სერიოზულად მოეკიდებიან ამ გამოძიებას. მე ვხედავ, რომ თავდაპირველი ვერსია ძალიან არასერიოზული იყო“, - განაცხადა გელბახიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






