საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი დაცვის უფროსის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა.
სააკაშვილის განცხადებით, დაკითხვაზე დაბარებული პირები ნებისმიერ მთავრობას ემსახურებიან, ისინი საქართველოს სამსახურში არიან და არა რომელიმე პირის სამსახურში:
“გავიგე, რომ თემურ ჯანაშია, ჩვენი დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი და ახლა ჩემი თანაშემწე, საზღვარაზე გააჩერეს და ქვეყნიდან აღარ უშვებენ, ის უნდა დამხმარებოდა აქ რაღაცეებში, ამის წინ რამდენიმე ჩვენი წევრი დააკავეს, რომ კიევში არ ჩამოსულიყვნენ და მე არ ვენახე. დღეს დაცვის თანამშრომლები დაკითხეს, პატრიოტი ბიჭები, რომლებიც შევარდნაძის დაცვაშიც იყვნენ, ნებისმიერ მთავრობას ემსახურებიან, ისინი არიან საქართველოს სამსახურში და არა რომელიმე ცალკეული პირის სამსახურში, დღეს დაიბარეს დასაკითხად სანდრას დამლაგებელი და არა მზარეული, როგორც თქვეს, რადგან სანდრა თვითონ აკეთებს საჭმელს და მზარეული არ სჭირდება, სისხლის სამართლის საქმეზე პროკურატურაში. ყველაფერს ხომ აქვს რაღაც საზღვარი და რაღაც წესები ხომ უნდა არსებობდეს?! ძალიან მახინჯი და უაზროა ეს ყველაფერი უკვე და რა თქმა უნდა, აზარალებს საქართველოს რეპუტაციას”, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის სანდრა რულოვსის დაცვის უფროსები დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ისინი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით დაიბარეს. დამატებითი ინფორმაცია კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ კონკრეტდება.
მასალის გამოყენების პირობები






