სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძე დაიკითხა. ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა:
"ვფიქრობ, ძალიან ვერ დავეხმარები სასამართლოს, რადგან არ მაქვს ღრმა და დეტალური ინფორმაცია, ერთის მხრივ საბედნიეროდ, რადგან ბუნებრივია, არ ვიყავი ამ საქმესთან არანაირად მიახლოებულიც კი, ამჯერად კი სამწუხაროდ, იმიტომ, რომ საკმარისი ინფორმაცია არ იქნება იმისთვის, რათა ყველა დეტალი გამოაშკარავდეს. ვფიქრობ, აქ არაფერია ახალი. საზოგადოებამ კარგად იცის, რა მოხდა. ამით თავი არ მომქონდა და არ არის ეს თემა, სადაც ადამიანმა შეიძლება თავი მოიწონოს ან ქულები ჩაიწეროს. მაგრამ ბუნებრივა, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მქონდა ამ ფაქტზე უმძიმესი რეაქცია. მით უმეტეს ქალი ვარ და შვილების დედა და ჩემი თხოვნა იყო, პირველივე დღეებიდან გამოძიებული ყოფილიყო ეს ფაქტი სიღრმისეულად და არ დარჩენილიყო დაუსჯელი არც ერთ ადამიანი, ვისაც ამასთან კავშირი ჰქონდა.
ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო მერაბიშვილთან, მით უფრო პლენარულ სხდომაზე გამოსვლის წინ, რომ მას არა მხოლოდ ბოდიში მოეხდა ოჯახისა და საზოგადოებისთვის, არამედ ყველაფერი გაეკეთებინა, რათა გამოძიება საფუძვლიანად ჩატარებულიყო და თუ ხელს ვერ შეუწყობდა გამოძიებას, გადამდგარიყო. მაგრამ მაშინ ჩემი ძალები არ ეყო ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. პრობლემა იყო ის, რომ გამოძიება ჩატარდა არა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო, არამედ ფორმალურად და ყველა ჩემს მოთხოვნაზე იყო პასუხი, რომ ხალხი დაისაჯა. მეუბნებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მჯეროდა გამოძიების. სხვას ვერ დასჯიდნენ. მე უტყუარი ფაქტები და მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, არ მქონდა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს და საქართველოში აღარასოდეს იყოს ხელისუფლება, რომელიც მსგავს რამეს ჩაიდენს", – განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






