საქართველოს მთავრობა ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ვრცელებს. „ნიუპოსტი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“აქართველოს მთავრობა ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და ისრაელის მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს.
მთავრობა ასევე მწუხარებას გამოთქვამს ღაზას სექტორში დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.
ამასთანავე, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი გარეშე საფრთხისგან და მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.
იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კონფლიქტის შემდგომი გაღრმავება და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია.
საქართველოს მთავრობა, იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ხანში შეწყდება ცეცხლი და დაპირისპირებულ მხარეებს შორის განახლდება სამშვიდობო მოლაპარაკებები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას”, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






