საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ნატახტარის აეროდრომზე რეისის თბილისი-მესტია-თბილისის ამოქმედების ცერემონიას დაესწრო:
“მოხარული ვარ, რომ დღეიდან, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ განახლდება ფრენა მესტიის მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, სვანეთის მოსახლეობისთვის და რა თქმა უნდა, ტურისტებისთვისაც. მისასალმებელია, რომ ამ ფრენას შეასრულებს ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ,,სერვისეირი“, რომელთანაც პირველად გაფორმდა გრძელვადიანი კონტრაქტი. კომპანია მგზავრებს ახალი, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით გადაიყვანს. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს 3 წლის განმავლობაში ლიმიტირებული სუბსიდიით წავახალისოთ ავიარეისები იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს კონკურენტული ფასებით, რაც შეიძლება მეტი რეისის შესრულება და რაც ყველაზე მთავარია, შეძლოს ზამთარში ფრენა. გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი აბსოლუტურად კომფორტულია - 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი 65 ლარამდე იმისათვის, რომ სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ამ ავიარეისით სარგებლობა
ტურიზმის ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ნატახტარი-მესტიის ავიარეისის არსებობა გაზრდის ტურისტების მოტივაციას, ეწვიონ სვანეთს. როდესაც ტურისტი ადგილზე ჩაფრინდება, მესტიის მოსახლეობას საშუალება მიეცემა, ტურისტის მასპინძლობაში ჩაერთოს და დამატებით შემოსავალი მიიღოს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტიპის ინტენსიური ავიარეისები ქვეყანას მნიშვნელოვნად წაადგება, რადგან ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საჰაერო ტრანსპორტის ბაზის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებას. მისასალმებელია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გადაამზადოს ქართველი მფრინავები და ტექნიკოსები, რაც კიდევ ერთი ხელშემწყობი იქნება ქართული მცირე ავიაციის განვითარებისთვის”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






