პრემიერმა მადლობა გადაუხადა უცხოურ დელეგაციას, რომელიც ექსპრეზიდენტის დაკრძალვაზე საქართველოში ჩამოვიდა და პატივი მიაგო ედუარდ შევარდნაძის ხსოვნას.
"ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. ამ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი იხსენებს ედუარდ შევარდნაძეს, მის როლს როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში. მოგონებები და შეფასებები, რა თქმა უნდა, მრავალმხრივია, რადგან ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობა დრამატულ და უდიდესი სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ედუარდ შევარდნაძის როლს ევროსტრუქტურებთან დაახლოების საქმეში და აღნიშნა, რომ სწორედ შევარდნაძის ეპოქას უკავშირდება მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით.
"ახლა, როცა საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ შეიძლება არ გვახსოვდეს ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ამ საქმეში. წლების წინ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ამ პროცესს, სწორედ ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პროდასავლური პოლიტიკური კურსის ფორმირება და ინსტიტუციონალიზაცია. ბატონი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი - ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, "წრთვნისა და აღჭურვის" პროგრამა. ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატო-ს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე.
ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო მის ხსოვნას. მე მჯერა, რომ ედუარდ შევარდნაძის სახელი დიდხანს დარჩება მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






