საია–ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე 22 საჩივარი დაწერეს და 21 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
საია–ს თავმჯდომარის კახა კოჟორიძის თქმით, ცალკეული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები დაფიქსირდა.
„დაახლოებით დღის 12:00 საათზე საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა იოსებ ხიმშიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს. დამკვირვებლის ინფორმაციით, ხიმშიაშვილი საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის სხვა წევრებს დაემუქრა და განუცხადათ, რომ „ნახავდნენ რაც მოუვიდოდათ არჩევნები რომ დამთავრდებოდა. ამასთან, ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, კრწანისში #209-ე ბაგა-ბაღის ეზოში ინციდენტი მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საარჩევნო ბლოკის „ქართულის ოცნების“ კოორდინატორებს შორის. ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულია სამი საარჩევნო უბანი: #24, #25 და #26 უბნები. როგორც საია-ს დამკვირვებელს „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებმა განუცხადეს, კონფლიქტი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა წამოიწყეს, როდესაც მათ ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. მათივე განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკებისას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მათ ეუბნებოდნენ, რომ „მათმა მატარებელმა ჩაიარა და მარტო იმიტომ იყვნენ დამნაშავეები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდნენ ხმას“, – განაცხადა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






