ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა, საარჩევნო სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს მოუწოდა ხელი შეუწყონ საარჩევნო უბანში და უბნის გარეთ სიმშვიდის შენარჩუნებას, რათა ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლონ საარჩევნო უფლების განხორციელება.
ეკატერინე აზარაშვილმა მედიას ასევე გააცნო ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 სთ-ის მონაცემებით. აღნიშნული დროისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 415,078-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 24.2%-ია. რაც შეეხება თბილისს, 15:00 საათისთვის უბნებზე გამოცხადდა 216,060 ამომრჩეველი, რაც თბილისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23.5%-ია. 15 ივნისის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ თბილისში 23.8% შეადგინა.
ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით იხილეთ ბმულზე.
ცესკოს სპიკერმა განმარტება გააკეთა ხულოს 36-ე უბანთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საკითხის გასაკრკვევად ადგილზე ჩავიდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. საარჩევნო ყუთში 3 ბიულეტენის ჩაყრის ფაქტს ადასტურებს მოსარჩელე და ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი. კომისიის ყველა სხვა წევრი კი წერილობით ახსნა-განმარტებებში არ ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს ამ შემთხვევას და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი - 2 51 00 51 და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge); ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, - არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიაწოდონ საარჩევნო ადმინისტრაციას.
ამომრჩეველთა აქტივობაზე განახლებულ ინფორმაციას ცესკო 17:30 სთ-ზე დაგეგმილ ბრიფინგზე წარმოადგენს.
“საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კენჭისყრის პროცესში,” - განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე აზარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






