,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ ბორჩხაძის განცხადებას, რომელსაც ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
,,მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ მაინც საჭიროა, განმარტება გავაკეთო: 2014 წლის თორმეტ ივლისს, მე მივდივარ არჩევნებზე და ხმას ვაძლევ ნიკა მელიას. ამ არჩევანს განაპირობებს არა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მას წარადგენს, არამედ ის, რას ვფიქრობ მე, როგორი უნდა იყოს თბილისის მერი. დარწმუნებული ვარ, თქვენგან უმრავლესობა (ჩემს მეგობრებში აბსოლუტური უმრავლესობა ანტი-ნაციონალური მოძრაობაა, ჩემივე ინიციატივით) ასეთივე არჩევანს გააკეთებდა, რომ არა ნიკა მელიას წარმდგენი პარტიის დისკრედიტირებული სახელი. თქვენ კარგად იცით, ჩემი ბოლო 3 წლიანი (თუ 9 წლიანი და 13 წლიანი არა) საქმიანობა, მთლიანად ნაციონალური მოძრაობის ოპონირებას და მათთან პირდაპირ ბრძოლას რომ ეძღვნებოდა; ვერ ერთი სულიერი ამ ქვეყანაზე ვერ იტყვის, რომ რომელიმე პოზიციას არაგულწრფელად და მერკანტილური ქვენა-აზრებით ვიცავდი. მე მართლა ვფიქრობ, რომ მელია საუკეთესო მერი იქნება; დარწმუნებული ვარ, რომ არავითარ დესტრუქციულ ქმედებებს მისი მხრიდან ადგილი არ ექნება და თბილისის საკრებულოსთან ერთად, საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიიღებს, ბევრად უკეთესს, ვიდრე ამას დავით ნარმანია იზამს. მე არ მჩვევია ჩემი პოზიციის დამალვა და კრიტიკის ქარცხეცხლის შიშით გაჩუმება; ასევე, უზნეობად მიმაჩნია, საჯაროდ რომელიმე პოლიტიკური ძალის ლანძღვა და მათგან დიდი, ძალიან დიდი ოდენობით თანხების მიღება. ასევე უზნეობად მიმაჩნია, მხოლოდ იმის წერა, რაც აუდიტორიის უმეტესობას მოსწონს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს მოსწონთ.. და რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებას, უმთავრესად განაპირობებს ის, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა მიეცეს ის აბსოლუტური ძალაუფლება, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, რათა არ მივიღოთ ისევ ის ხელისუფლება, რომელიც ასე არ მოგვწონდა.,, დაახლოებით წარმომიდგენია, რა მოჰყვება ამ განცხადებას, მაგრამ ჩემი არჩევანი ესაა. ჩემი ხმა თბილისის მერის არჩევნებში, ამ შემთხვევაში პერსონალურად - ნიკა მელიას“, - წერს ბორჩხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






