„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა საარჩევნო ფასდაკლების გამოცხადების ინიციატივას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„ამ ბიზნეს კომპანიების მესვეურებს, რომლებმაც ქონება, კაპიტალი, ბიზნესი ქვეყნისა და ხალხის ძარცვის ხარჯზე შექმნეს, ყველა ეპოქაში იყვნენ ხელისუფლებაში ან აფინანსებდნენ მათ, არასდროს გახსენებიათ გაჭირვებული მოსახლეობა, პირიქით, მათი ყოველდღიური დაყაჩაღებით დააგროვეს მილიონები. დღეს კი, როდესაც ხელისუფლებას გაუჭირდა საარჩევნოდ, იმის გამო რომ ამომრჩევლის უმრავლესობა არ აპირებს არჩევნებზე მისვლასა და ამ ფარსში მონაწილეობას, მთავრობის დავალებით გადაწყვიტეს ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა, რათა ამ გზით მიიყვანონ ხალხი საარჩევნო უბნებზე და გაათრიონ მილიარდელის უსახური კანდიდატი“,- განაცხადა გიორგი გუგავამ.
როგორც ცნობილია, 12 ივლისს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.
შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.
კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იან ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იან ფასდაკლებას "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიან ფასდაკლებას "გალფსა" და "ვისოლში".
მასალის გამოყენების პირობები






