„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ კოალიციის კონკურენტების ფარულ პოლიტიკურ ალიანსზე საუბრობს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქამი.
“ორიოდე დღის წინათ, რუსთავის მერობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვა ოპოზიციური პარტიების ყოფილმა კანდიდატებმა, მათ შორის, კოალიცია „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“, „არასაპარლამენტო ოპოზიციის“, ეროსი კიწმარიშვილის „ჩვენი საქართველოსა“ და სხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა.
ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ კახეთის რეგიონში, სადაც ახმეტის გამგებლობის „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბექა ბაიდაურს არჩევნების მეორე ტურში „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან“ ზურაბ ფილაშვილი უპირისპირდება, პირველობისთვის ბრძოლაში ჩაერთვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა მიმართ უამრავი შეკითხვა არსებობს საზოგადოებაში, მათ შორის გახმაურებულ საქმეებზე.
უფრო კონკრეტულად - ახმეტაში გამგებლობის კანდიდატი ზურაბ ფილაშვილი 2005-2008 წლებში მუშაობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თელავი-ახმეტის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომლად. 2008-2011 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს უფროსი, 2011-2012 წლებში კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ყვარლის მუნიციპალიტეტის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ზურაბ ფილაშვილს ივანე მერაბიშვილის ყოფილ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესა და მის ძმასთან ახლო მეგობრული და ნათესაური კავშირი აქვს. მათი ხელშეწყობით იკავებდა იგი მაღალ თანამდებობებს შსს-ში და დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტების დახმარებით ცდილობს გამარჯვების მოპოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატია.
ჩვენი კონკურენტი ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელშეცვლილი „ნაციონალური მოძრაობაა“, აბსოლუტურად იდენტური ფასეულობებითა და ღირებულებებით.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენი ოპონენტების მიერ გაკეთებული თვითილუსტრაცია კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები უალტერნატივოები არიან მთელი საქართველოს მასშტაბით.
გვჯერა, ჩვენი მოქალაქეები წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის წარმატებულ მომავალს შორის გონივრულ არჩევანს გააკეთებენ და 12 ივლისს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ საბოლოო გამარჯვებას”, - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






