ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის საქართველოს, სამართლის სისტემები ერთხმად აღიარებენ, რომ სასამართლოს საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, როგორც წესი ბრალდებული უნდა იყოს თავისუფალი და მისი სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უნდა იქნას ისეთი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც არ არის დაკავშირებული დაპატიმრებასთან (გირაო, თავდებობა).
ბრალდებულისათვის დაპატიმრების, როგორც უკიდურესი ხასიათის ღონისძიების, შეფარდება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა საშუალებებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი მისი კანონშესაბამისი ქცევა, არ გამოცხადდება სასამართლოში და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას.
აღნიშნული სტანდარტი, რომელიც თავისუფლების პრეზუმფციის სახელითაა ცნობილი, სათავეს იღებს საერთაშორისო სამართლიდან და სახელმწიფოები მის დეტალურ იმპლლემენტაციას ახორციელებენ შიდა კანონმდებლობაში. ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა კონვენციის მე–5 მუხლი, რომლის წევრიცაა საქართველო, ადგენს, რომ არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია კანონიერი მიზნების მისაღწევად (კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ უკანონო ქმედებების ჩადენის თავიდან აცილება) და კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ქართულმა კანონმდებლობამ ჯერ კონსტიტუციით (მე–18) მუხლი და შემდეგ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დეტალურად გაითვალისწინა ბრალდებულის დაპატიმრების წესები და საფუძვლები.
ერთი შეხედვით, თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული შიდა საკანონმდებლო რეგულაციები თითქოს შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგიერთი ნორმა, მიგვაჩნია, რომ არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს.
ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვსურს მივაპყროთ სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას დაუშვებლად ცნოს საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბრლდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, მათ შორის დაპატიმრების (!) გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ არ იქნება დასაბუთებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207–ე მუხლი).
უფრო მარტივად თუ ვიტყვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საერთოდ არ განიხილოს დაპატიმრებული ადამიანის საჩივარი.
აღნიშნული წესი ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, საიდანაც ყურადღებას გავამახვილებთ რამდენიმე საქმეზე:
– De Jong, Baljet and Van Den Brink v. Netherlands, 8805/79, 8806/79 and 9242/81
ევროპული კონვენციის მე–5 მუხლის მესამე პუნკტის ფორმულირება, რომლის თანახმადაც დაკავებული ან დაპატიმრებული პირი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სასამართლოს თავის მხრივ ადგენს ვალდებულებას, რომ სასამართლომ უნდა მოუსმინოს დაპატიმრებულ პირს და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ანალოგიური მიდგომა აქვს ევროპულ სასამართლოს საქმეზე Mamedova v. Russia, 7064/05, – ,,მე–5 მუხლის მე–3 პუნკტი ავალდებულებს ,,მოხელეს“ (სასამართლოს), პირადად მოუსმინოს ბრალდებულს, განიხილოს ფაქტები წინასწარი პატიმრობის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ და პატიმრობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნოს ის ფაქტები, რომლებსაც გადაწყვეტილება ეფუძნება...... შესაბამისად, დაპატიმრებული პირის არგუმენტების უგულებელყოფა (დაუშვებლად ცნობა), შეუთავსებელია კონვენციის მე–5 მუხლის მე–3 პუნკტით დადგენილ მოთხოვნებთან. დაპატიმრებული პირისათვის სააპელაციო განხილვაზე უარის განცხადება, რაც ართმევს მას საშუალებას უშალოდ გაესაუბროს სასამართლოს, ეწინააღმდეგება კონვენციის მე–5 მუხლის მე–4 პუნკტის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავსს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს გათავისუფლების ბრძანებას, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი (სასამართლოს ეფექტური კონტროლი).
- Letellier v. France, 12369/86
გამოკვლეული უნდა იქნას ყველა ფაქტი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, ამართლებს პირის თავისუფლების უფლების პრინციპისაგან გადახვევას და გათვალისწინებული იქნას ეს სასამართლოს გადაწყვეტილებებში გათავისუფლების შესახებ
– T.W. v Malta, 25644/94 [GC}
სასამართლო კონტროლი (სასამართლო განხილვა) დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა განხორციელდეს... იგი არ უნდა იყოს დამოკიდებული დაკავებული პირის მიერ წინასწარი განცხადების (გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა) წარდგენაზე. ასეთ მოთხოვნას შეუძლია შეცვალოს კონვენციის მე–5 მუხლის მესამე პუნკტით დაცული გარანტიის ბუნება – დაპატმრებულის უფლება საქმე განიხილოს სასამართლომ.
– Nikolova v. Bulgaria, {GC}, 31195/95
კონვენციის გარანტიები აზრს დაკარგავს, თუ მოსამართლე შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით უსარგებლოდ მიიჩნევს ან უგულებელყოფს დაპატიმრებული პირის მიერ მოყვანილ კონკრეტულ ფაქტებს, რომელსაც შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს თავისუფლების აღკვეთის კანონიერების საკითხი.
– Egmez v. Cyprus, 30873/96
სასამართლო მიუთითებს, რომ კონვენციის მე–5 მუხლის მეოთხე პუნკტი მოითხოვს სამართლებრივ პროცედურას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის გარანტიებს თავისუფლების აღკვეთის მსგავსი ღონისძიებებისათვის.... გამორიცხული არ არის, რომ სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის კანონიერების პერიოდული ავტომატური გადასინჯვის სისტემამ უზრუნველყოს მე–5 მუხლის მეოთხე პუნკტის მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული აღკვეთის ღონისძიების საკითხის უპირობო განხილვის თვალსაზრისით, ასევე საყურადღებოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა:
– საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ №3/1/574, 2014 წლის 23 მაისი
როგორც წესი, ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოში, რადგან ძირითადად სწორედ ამ ეტაპზე ხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ რომელი ინსტანციის სასამართლო იხილავს საქმეს, არამედ რა საკითხებს (პირის მიმართ დაპატიმრების გამოყენება) წყვეტს კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო. .... ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის აუცილებლობა არსებობს, როდესაც პირის მონაწილეობას პროცესში შეუძლია გავლენის მოხდენა საკითხის გადაწყვეტაზე. კერძოდ, როდესაც ხდება ფაქტობრივი გარემოებების შეფასება (ან თავიდან შეფასება), ამასთან, როდესაც პირს შეუძლია ახალი ფაქტების, გარემოებების წარდგენა, რომელთა შეფასება ჯერ არ მომხდარა და, როდესაც მისი უშუალო მონაწილეობა პროცესში ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე (რომელიც ინდივიდუალურად შეფასებადია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში), პოტენციურად ზრდის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის ალბათობას.
მსგავს მოსაზრებას ავითარებს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა გადაწყვეტილებებშიც – 2006 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/393,397 საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
ამრიგად, ნორმა, რომლითაც სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს საჩივრის დაუშვებლად ცნობის მეშვეობით ზეპირი განხილვის გარეშე დატოვოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების და მითუმეტეს დაპატიმრების საკითხი, ეწინააღლდეგება საერთაშორისო სამართლითა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
რეფორმატორთა კლუბი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
ირაკლი კობიძე
,,რეფორმატორთა კლუბი“
მასალის გამოყენების პირობები






