საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა.
პრემიერმა ახალგაზრდებს შეახსენა, რომ სამშობლო მათ განსაკუთრებული მისიით უშვებთ და უკან შესაბამისი კვალიფიკაციით ელოდება, რომელიც მათ ქვეყანას მოხმარდება.
„ჩვენი ახალგაზრდები თავიანთი ცოდნით კონკურენციას უნდა უწევდნენ მსოფლიოს ახალგაზრდებს. მე ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ სხვაზე უკეთ არ შეგვიძლია საქმის გაკეთება. თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ უნდა ქმნიდეთ საქართველოს მომავალს და ჩვენ ერთად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ბედი. რა გვინდა, მივიღოთ, რა მიმართულებით მივემგზავრებით – ეს არის მთავარი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროექტი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ დაბრუნდებით სათანადო ცოდნით აღჭურვილები და საკუთარ ცოდნას სამშობლოს მოახმართ“,- აღნiშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პროფესიონალი ახალგაზრდები სჭირდება, რათა მათი ცოდნა სახელმწიფოს საკეთილდღეოდ იქნეს გამოყენებული და სათანადოდ დაფასებული.
„ამ პროექტის განხორცელებით ჩვენ დავასრულეთ ის დრო, როდესაც ნიჭიერ ახალგაზრდებს უცხოეთში სწავლაზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ. დღევანდელი დღე ამის დადასტურებაა. ამ პროქტს გავაგრძელებთ. სათანადო სახსრები მოძიებულია. მე თავდაჯერებული ვარ და ვიცი, რომ ცენტრის მიერ შერჩეული თითოეული ახალგაზრდა გვასახელებს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მინდა, გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო განსაკუთრებული მისიით გიშვებთ და გელოდებათ სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილებს. ჩვენ თქვენს სწავლაში ვდებთ ინვესტიციას, რწმენას და ეს ინვესტიცია აუცილებლად მოხმარდება ჩვენს ქვეყანას. გისურვებთ წარმატებებს “,- აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
მასალის გამოყენების პირობები






