საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან მუდმივ კონტაქტშია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.
„ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან მუდმივ კონტაქტშია. მადლობა ღმერთს, ამ ეტაპზე არაფერი ცუდი ჩვენს მოქალაქეებს არ შემთხვევიათ. შესაბამისად არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია საშიში მდგომარეობის შესახებ, თუმცა საელჩო და საკონსულო არიან მუდმივი მუშაობის რეჟიმში. ვისაც რაიმე სახის დაბრკოლება შეექმნება, შეუძლია მიმართოს საქართველოს საელჩოს და საკონსულოს, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს და რეაგირება იქნება მყისიერი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
წუხელ ჰამასმა თელავივისა და იერუსალიმის მიმართულებით განახორციელა დარტყმები. თუმცა, ისრაელის ანტისარაკეტო სისტემებმა იერიშები მოიგერიეს. რასაც გამთენიისას ღაზას სექტორის მიმართულებით საპასუხო დარტყმები მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები






