ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სააპელაციო სასამარტლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას სარჩელთან დაკავშირებით ეხმაურება. პეტრიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს:
„დღევანდელი გადაწყვეტილების განმარტებას და ახსნას არ ვაპირებ, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაკვირვების ვალდებულება და საშუალება აქვს საერთაშორისო თანამეგობრობას. ყველა საერთაშორისო ორგანო ერთხმად აცხადებს, რომ სასამართლო დღეს როგორც არასდროს თავისუფალია.
შესაბამისად, არის გადაწყვეტილებები რომლებიც საზოგადოებისა და პოლიტიკურ ძალთა გარკვეულ ნაწილს არ მოსწონს. მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ ამას, რომ დამთავრდა დრო, როცა 99,9 მეათედით სასამართლო გადაწყვეტილებას ბრალდების სასარგებლოდ იღებდა, ეს პროცენტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
ნურავის ნუ ეგონება და ილუზია ნუ ექნება იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებთ საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციებს ან რჩევებს. ჩვენ ისეთივე ყურადღებით ვკითხულობთ და ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, რა ყურადღებითაც ისინი გვადევნებენ თვალყურს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა არ იყო ჩვენი ბოლო მიზანი, ჩვენ გაცილებით შორის ვიხედებით“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






